fbpx
Skip links

ქართულ ენაზე გენიალურად აჟღერებული ებრაული პოეზია და… (ნაწილი I)

მხოლოდ წარმოიდგინეთ: 1979 წლის საბჭოთა კავშირი, ბრეჟნევის ეპოქა, სახელმწიფოებრივი ანტისემიტიზმი და ანტიისრეალური პროპაგანდა მძვინვარებს… სიონისტები ქვეყნის მოღალატეებად არიან გამოცხადებულნი, ისრაელში გამოსამგზავრებლად მებრძოლთა დევნა გრძელდება, მოძრაობის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა – ნათან შარანსკი გასამართლებულია… მაგრამ, ყოველივე ეს რუსეთში – მოსკოვში ხდება. საქართველოს ტელევიზიით კი, ამავე დროს, პრაიმ-ტაიმში, როდესაც ქვეყნის უდიდესი ნაწილის ყურადღება ტელეეკრანებისკენაა მიმართული, გადის 50 წუთიანი გადაცემა, რომელშიც შუა საუკუნეების ებრაული პოეზიის ქართულ თარგმანებს ავტორი და თეატრის მსახიობები კითხულობენ. ქართული საზოგადოება ეცნობა მოშე იბნ ეზრას, შემუელ ჰანაგიდის, იეჰუდა ჰალევის, შელომო იბნ გებიროლის და სხვა ებრაელ პოეტთა გენიალურ ნაწარმოებებს. რამდენიმე თვით ადრე კი ამავე თარგმანების კრებული გამოიცა – სულ 8000-იანი ტირაჟით, რომელიც თვალის დახამხამებაში გაქრა მაღაზიების თაროებიდან. თარგმანმა უდიდესი რეზონანსი გამოიწვია ლიტერატურულ წრეებში – მას გენიალური უწოდეს. ეს უნიკალური და სრულიად წარმოუდგენელი პრეცენდენტი იყო საბჭოთა კავშირის რეალობაში, რომელზედაც „ნიუ-იორკ თაიმს“-იც ალაპარაკდა. ამერიკული გამოცემა წერდა:

„ნიუ-იორკ თაიმს“-ში გამოქვეყნებული სტატია

„მაგიდასთან ჩამომსხდარი ხალხი სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს 1979 წლის საბჭოთა კავშირისათვის გაუგონარ სანახაობას. ეს იყო 50-წუთიანი პროგრამა – შეღამებულზე, საჩვენებლად ყველაზე მარჯვედ შერჩეულ დროს, მსახიობი ქალი კითხულობდა მე-11 საუკუნის ესპანეთში მცხოვრები ებრაელი პოეტის იეჰუდა ჰალევის ლექსთა ქართულ თარგმანებს…“
„ნიუ-იორკ თაიმსი“, 11.12.79

წარმოიდგინეთ ყოველივე ეს? ახლა კი ამ გადაცემის ფრაგმენტები ნახეთ:

ყოველივე ამის უკან უნიკალური ნიჭის მქონე ადამიანი, ამ თარგმანების ავტორი ჯემალ (სიმონ) აჯიაშვილი იდგა.

და მაინც, როგორ შეძლო მან ამის გაკეთება? ებრაულ თემასთან შეხებას, პოეზიის გენიალურად თარგმნას, მხოლოდ სიმამაცე, მონდომება და ნიჭი არ ეყოფოდა. საჭირო იყო საბჭოთა ნომენკლატურასთან გამკლავებაც! აქ კი მნიშვნელოვანი როლი სხვა ადამიანებმაც შეასრულეს. როდესაც გამოცემაზე ნებართვის მისაღებად დოკუმენტები ცენზურას გადაეცა, მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგიის ხელმძღვანელმა – ოთარ ნოდიამ, აღწერილობაში, წიგნის რეალური დასახელების – „შუა საუკუნეების ებრაული პოეზიის“ ნაცვლად, გააგზავნა სხვა დასახელება – „ანდალუსიური საგალობლები“. ჩინოვნიკები წიგნის შინაარსით არც დაინტერესდნენ, დასახელებაში კი კომუნისტური წყობის საწინააღმდეგო ვერაფერი დაინახეს. ნოდიასა და აჯიაშვილის პატარა „ეშმაკობამ“ შედეგი გამოიღო და გამოცემაზე ნებართვა გაცემულ იქნა. რეალური დასახელება კი უშუალო ტირაჟირების წინ დაბრუნდა.

რა თქმა უნდა, პოსტფაქტუმ, ცენტრისგან ამას ერთი ამბავი მოჰყვა, მაგრამ, ამჯერად თავისი როლი შეასრულა იმ დროის საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა – ედუარდ შევარდნაძემ, რომელმაც მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და მთელი გავლენა გამოიყენა, და პატარა „ხულიგნობის“ ინიციატორებს ხელი დააფარა.

და მაინც, ვინ იყო ჯემალ აჯიაშვილი?

ჯემალ აჯიაშვილი 1944 წელს დაიბადა სენაკში ტრადიციულ ებრაულ ოჯახში. პოეზია მას ბავშვობიდანვე იტაცებდა – ლექსების წერაც მაშინ დაიწყო. საერთო განათლებასთან ერთად, იგი ტრადიციულ ებრაულ განათლებასაც დაეუფლა – ჩვენი თემის უდიდესი რაბინის – ბენ-ციონ ეფრემაშვილის ხელმძღვანელობით. 

მთელი ცხოვრების მანძილზე იგი განსაკუთრებული სითბოთი იხსენებდა ბავშვობის წლებს, იმ ადგილებს, სადაც იზრდებოდა და, რაღა თქმა უნდა, იმ ხალხს, რომელთა გარემოცვაშიც პიროვნებად ყალიბდებოდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტობის დროს ჯემალ აჯიაშვილი უკვე კლასიკური სპარსული პოეზიის ნიმუშებს – ფირდოუსის, ხაიამის, საადის ნაწარმოებებს თარგმნიდა.

1968 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, ჯემალ აჯიაშვილი 3 წლით ირანში თარჯიმნად გაემგზავრა. ერთხელ, ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა, რომელმაც ჯემალის ბრწყინვალე სპარსულის გამო იგი ადგილობრივად მიიჩნია, ჰკითხა – რუსულს ასე კარგად რანაირად დაეუფლეო. და მართლაც, ჯემალს ენების შესწავლის დაუოკებელი ჟინი ჰქონდა. მშობლიური ქართულისა და მეგრულის გარდა, იგი ფლობდა სპარსულს, რუსულს, ინგლისურს, ფრანგულს, ესპანურს, იტალიურს, ებრაულს, არაბულს…

ცხოვრების დიდი ნაწილი ჯემალ აჯიაშვილმა სხვადასხვა კულტურათა კლასიკის თარგმანებს მიუძღვნა. მისი წყალობით ქართული საზოგადოება გაეცნო სპარსულ კლასიკას, უილიამ შექსპირის, მონძაემონ ჩიკამაცუს, ტირსო დე მოლინას, კარლო გოცის დრამატულ პოემებს. აგრეთვე დანტე ალიგიერის, ფრანჩესკო პეტრარკას, მიქელანჯელო ბუონაროტის, ანტონიო ვივალდის სონეტებს, რაინერ მარია რილკეს, ნელი ზაქსის, ვლადიმირ მაიაკოვსკის, ოსიპ მანდელშტამის, ბორის პასტერნაკის, ევგენი ევტუშენკოს და სხვათა პოეზიას. და, რაღა თქმა უნდა, პოეტურად შესრულებულ დავითის ფსალმუნთა გენიალურ თარგმანს.

არანაკლებ წარმატებული იყო ჯემალ აჯიაშვილის შემოქმედება დრამატურგიაშიც. ასე, მონძაემონ ჩიკამაცუს მოტივებზე დადგმული სპექტაკლი „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძელზე“ 12 წლის მანძილზე რჩებოდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის რეპერტუარში. იაპონური კაბუკის სამხატვრო ხელმძღვანელმა კი მას საჩუქრად წიგნი გადასცა წარწერით: „თბილისში ქართველი ჩიკამაცუ ცხოვრობს…“. ასევე წარმატებული იყო კარლო გოცის „ლურჯი უჩხული“-ს მიხედვით დადგმული ამავე სახელწოდების სპექტაკლიც…

ჯემალ აჯიაშვილის კალამს ეკუთვნინს ისტორიული ესსე „გამოიღვიძე, ქნარო!“, რომელიც საქართველოს ებრაელთა ისტორიას, ქართულ-ებრაულ ურთიერთობებსა და, ზოგადად, ებრაულ თემას ეძღვნება. ნაწარმოების მიხედვით ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ერთი მსახიობის თეატრში კოტე მახარაძემ ამავე სახელწოდების მონოსპექტაკლი დადგა. პრემიერამ 1988 წელს ისრაელში სრული ანშლაგით ჩაიარა, შემდგომ კი წლების მანძილზე დიდი წარმატებით გრძელდებოდა თბილისის სცენაზე.

რა თქმა უნდა, ყოველივე ამის პარალელურად ჯემალ აჯიაშვილი საკუთარი შემოქმედებითაც იყო დაკავებული. საავტორი სონეტების კრებულისთვის მას, გარდაცვალების შემდეგ (უნიკალური შემთხვევა იყო), რუსთაველის პრემიაც გადაეცა.

ჯემალ აჯიაშვილის ყოველ ნაშრომს საზოგადოებისა და კრიტიკოსთა მხრიდან აღფრთოვანებული რეცენზიები მოჰყვებოდა. ქართული სიტყვის მისეულ ფორმას თვით რუსთაველსა და გალაქტიონსაც ადარებდნენ:

„ებრაული პოეზიის“ პირველი გამოცემის ყდა. დღეისათვის ეს წიგნი რარიტეტს წარმოადგენს.

„ვეფხისტყაოსნის“ შემდეგ ძნელია დავასახელოთ ნაწარმოები, რომელშიც ასე უხვად იყოს წარმოდგენილი დიდოსტატურად ნაწარმოები ოკაზიური გაზმნავებული სიტყვები, როგორც ეს „შუა საუკუნეების ებრაული პოეზიის“ თარგმანშია.

კორნელი დანელია, ჟურნალი „კრიტიკა“, 1985 წ.

და მაინც, მის შემოქმედებაში ცენტრალურ ადგილს „შუა საუკუნეების ებრაული“ პოეზია იკავებს. თარგმანი იმდენად გენიალურია, რომ, ბევრის აზრით, თავის ღირებულებებით, დედანსაც აღემატება. ზოგიც კი თვლის, რომ ლექსები საერთოდაც თავად ჯემალ აჯიაშვილს ეკუთვნის, დედანი კი მან მხოლოდ შთაგონების წყაროდ გამოიყენა.

„რაოდენ უძირო ყოფილა ქართული ენის შესაძლებლობა!..“

მიხეილ მამულაშვილი, „თბილისი“ 1.8.1977

ჯემალ აჯიაშვილი აღიარეს არა მხოლოდ ლიტერატურულ წრეებში. აუარებელი რაოდენობის სახელმწიფო და სხვა პრემიების მფლობელი საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც აქტიურად იყო ჩართული – მათ შორის, რა თქმა უნდა, ებრაული თემის ცხოვრებაში. ამავე დროს იგი გახლდათ რამდენიმე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი.

ჯემალ აჯიაშვილი პარლამენტის სხდომის შესვენებისას

თავის დეპუტატობის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტად იგი სიკვდილით დასჯის კანონის გაუქმებას მიიჩნევდა და აცხადებდა, რომ ყველაზე საზარელი დანაშაულიც კი ვერ ამართლებს ადამიანის მიზანდასახულ – ორგანიზებულ მკვლელობას.

რაში მდგომარეობდა ჯემალ აჯიაშვილის საიდუმლო? უპირველეს ყოვლისა, რაღა თქმა უნდა, ეს გახლდათ უფლის მიერ ნაბოძები უნიკალური ნიჭი. მაგრამ, ამას ემატებოდა გასაოცარი ერუდიცია. მისი თარგმანზე მუშაობის საწყის ეტაპს ცივილიზაციის, ეპოქისა და კულტურის საფუძვლიანი შესწავლა – მისი შეგრძნობა წარმოადგენდა. ამას მოჰყვებოდა შესაბამისი ეპოქის ქართული (და არა მარტო) ლექსიკის, სიტყვის ფორმისა და რითმის ძიებაში გატარებული უძილო ღამეები… ჯემალი ამბობდა: ადამიანი, რომელიც სხვა კულტურას შეისწავლის და შეგრძნობს, ვერასდროს გახდება მისი მტერი“. ასე, იგი „დაუმეგობრდა“ და გაითავისა სხვადასხვა კულტურები.

ასევე მიუდგა იგი შუა საუკუნეების ებრაელ პოეტთა შემოქმედებასაც. პირველად ამ პოეზიას იგი ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ეზიარა, როდესაც მისმა ახლო მეგობარმა, ჩვენი თემის უთვალსაჩინოესმა წარმომადგენელმა და უდიდესმა მეცნიერმა, იცხაკ დავიდმა, ეს საგანძური გააცნო. ებრაული პოეზიის ჯემალ აჯიაშვილისეური თარგმანები, სხვადასხვა გამოცემებში, ჯერ კიდევ 60-იან წლებში გამოჩნდა. მოგვიანებით იგი ამ სამუშაოს უფრო საფუძვლიანად მოეკიდა. აქვე უნდა აღინიშნოს ასევე მისი მეგობრისა და თანამოაზრის, ცნობილი მეცნიერისა და ლინგვისტის – ნისან ბაბალიკაშვილის უმნიშვნელოვანესი როლიც, რომლის გარეშეც, თავად აჯიაშვილის განცხადებით, თარგმანზე და ტელეგადაცემაზე მუშაობა მას გაცილებით უფრო გაუჭირდებოდა.

ჯემალ აჯიაშვილის, როგორც შემოქმედის წარმატებას ასევე მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო სრულყოფისაკენ უსაზღვრო სწრაფვამ, იდეალური – უკომპრომისო ფორმის დაუღალავმა ძიებამ… სხვა სიტყვებით, ჭეშმარიტი ხელოვანისათვის დამახასიათებლმა თვისებებმა.

ჯემალ აჯიაშვილი 2013 წელს ნაადრევად – 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. თვითმხილველები და მისი ბოლო დროის ხელნაწერები ცხადჰყოფენ, რომ ავადმყოფობის უმძიმეს დროსაც კი, საწოლზე მიჯაჭვულს, მას წერა არ შეუწყვეტია. თითქოს ცდილობდა, დაუწერელი არაფერი დარჩენოდა. რამდენად მოახერხა ეს? ამაზე პასუხი მხოლოდ ზეციურ სამეფოში თუ არის ცნობილი.

და მართლაც, ჯემალ აჯიაშვილმა მთელი ცხოვრება ქართულ კულტურასა და სიტყვას მიუძღვნა, რითაც უძვირფასესი განძი დაუტოვა მომავალ თაობებს, თავად კი ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა დიდ კლასიკოსთა შორის – როგორც მისი ერთ-ერთი კრებულის გარეკანზე ვკითხულობთ: „ვასრკვლავთა ჩრდილში – მაღალთა თანა…“