fbpx
Skip links

შალომ კობოშვილის თვალით დანახული სამყარო: „ებრაელი ფიროსმანი“-ს 15 ნამუშევარი

შალომ კობოშვილის პორტრეტი
ავტორი დავით გველესიანი

 

შალომ (სოლომონ) კობოშვილი (1876-1941) დაიბადა ახალციხეში ღარიბ ებრაულ ოჯახში. 8 წლის ასაკში იგი „ხედერ“-ში მიაბარეს, მაგრამ 4 წლის შემდეგ მან სწავლას თავი დაანება, რადგან იქაურ მკაცრ წესებს ვერ გაუძლო. სკოლაში სწავლა მან მატერიალური სიდუხჭირის გამო ვერ მოახერხა.

ხატვა კობოშვილს ადრინდელი ასაკიდანვე უყვარდა, თუმცა მშობლებისგან სათანადო მხარდაჭერა ვერ ჰპოვა, რადგან, მათი თავლთახედვით, ეს „ებრაელი ბიჭისთვის შესაფერი ხელობა“ არ იყო (სავარაუდოდ ეს კერპის გამოსახვის აკრძალვას უკავშირდებოდა).

12 წლის ასაკში მშობლებმა იგი მამიდასთან ბათუმში გააგზავნეს. იქ შალომი ლითოგრაფიის მაღაზიაში მომუშავე მხატვრებმა დააინტერესეს. მცირე ხანში მან თავადაც გაბედა ხატვა, მაგრამ, როდესაც მისმა მშობლებმა ამის შესახებ შეიტყვეს, ბიჭი უმალვე შინ დააბრუნეს.

მას შემდეგ კობოშვილი ბედმა მსფოლიოს სხვადასხვა კუთხეში გადაისროლა. იგი შავ მუშადაც მუშაობდა, მოჯამაგირედაც… ცხოვრების უდიდესი ნაწილი კობოშვილმა სხვადასხვა წვრილმანს მიუძღვნა, საყვარელ საქმეს კი მხოლოდ 61 წლის ასაკში დაუბრუნდა, როდესაც 1937 წელს თბილისის ებრაულ, მუზეუმში დაიწყო მუშაობა.

განგებამ ხატვისთვის შალომ კობოშვილს მხოლოდ ცხოვრების უკანასკნელი სამი წელი გამოუყო, მაგრამ ეს მცირე პერიოდიც საკმარისი აღმოჩნდა მისი გენიის გამოსავლენად.

ისევე, როგორც მრავალი სხვა ხელოვანის შემთხვევაში, კობოშვილის ტალანტის აღიარებაც მისი გარდაცვალების შემდეგ მოხდა. იგი ნათელი მაგალითია იმის, რომ ჭეშმარიტი გენია კვალის გარეშე არასდროს ქრება.

შალომ (სოლომონ) კობოშვილმა უნიკალური საგანძური დაგვიტოვა თავისი ნამუშევრების სახით – არა მხოლოდ მხატვრული თვალსაზრისით, არამედ ეთნოგრაფიული თვალსაზრისითაც. მის ნახატებში გადმოცემულია საქართველოს ებრაელთა ყოფა საუკუნეების გასაყარზე, მათი ცხოვრების წესი, რელიგიური რიტუალები, საცხოვრებელი პირობები, ინტერიერი, ტიპაჟები, ჩაცმულობა… მაგალითად, ჩვენ წარმოდგენაც არ გაგვაჩნია, რომელ ფერებს ანიჭებდნენ უპირატესობას ჩვენი წინაპრები. ჩვენს ცნობიერებაში მათ მუდამ შავი და ნაცრისფერი ტანისამოსი ეცვათ. ეს, რაღა თქმა უნდა, შავ-თეთრი ფოტოგრაფიის ეფექტია – ჩვენს მეხსიერებას ეს ადამაინები სწორედ ამ ფოტოებიდან შემორჩნენ. კობოშვილის ნამუშევრები მნიშვნელოვნად ნათელს ჰფენენ ამ საკითხს. იგი არაჩვეულებრივი გემოვნებითა და, სავარაუდოდ, სიზუსტის დაცვით გადმოგვცემს მაშინდელი საქართველოს ებრაელობის ჩაცმულობას.

შალომ კობოშვილის ნამუშევრები დღეისათვის დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში ინახება.

ქვემოთ მოგვყავს ამ უნიკალური მხატვრის რამდენიმე ნამუშევარი, რომლებიც, ნაწილობრივ მაინც, გადმოსცემენ მის „უმანკო“, პოპულარობითა და წარმატებით წაუმხდარ გენიალურობას.

გამოყენებული ლიტერატურა:
საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები: შალომ კობოშვილი თბილისი, 2006 წ.

00_Cover

„ხერემი“ – ანათემა
ქაღალდი, გუაში, დაფარულია ლაქით / 50*36
ადამიანი, თემის წევრი, რომელიც წმინდა კანონს უხეშად დაარღვევდა, „ბეით-დინ“-ს (რელიგიურ სასამართლოს) გადაეცემოდა, რომელიც განიხილავდა მისი თემიდან მოკვეთის საკითხს. ამ ნამუშევარზე ეს პროცედურაა აღწერილი. რამდენად ზუსტად იცავს დოკუმენტურ სიზუსტეს კობოშვილი, სამწუხაროდ, უცნობია, მაგრამ ნახატი ზოგად წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა „ბეით-დინ“-ი საქართველოს ებრაელობაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი – ახალციხეში.

01a_Jewish_Merchant

ებრაელი ვაჭარი
ქაღალდი, აკვარელი, გუაში, ტუში /28*16
ისტორიულად საქართველოს ებრაელთა დიდი ნაწილი ვაჭრობით იყო დაკავებული. ნახატზე გამოსახულია მაღალი ფენის ებრაელი ვაჭარი (სოვდაგარი). მიუხედავად იმისა, რომ მისი ტანისამოსი სადაა, მხატვარი ნაჭრის ფერისა და სხვა დეტალების საშუალებით ხაზს უსმევს „გმირის“ სოციალურ თუ მატერიალურ სტატუსს.

02_Sukkot

„სუქოთ“-ის დღესასწაული
ქაღალდი, გუაში, დაფარულია ლაქით / 30.5*41
„სუქოთ“-ის დღესასწაული, სავარაუდოდ ახალციხეში. მხატვარს საინტერესოდ აქვს გადმოცემული პერსონაჟები და სიუჟეტი. სუქის შესასვლელი ღიაა, რისი საშუალებითაც ქუჩის გამვლელებს (ებრაელებს?) ვხედავთ.

04_Wedding_Dress

საქორწინო კაბის გამოჭრა
ქაღალდი, გუაში / 38*47.5
ამ ნახატში არაჩვეულებრივადაა გადმოცემული, როგორც ინტერიერი, ასევე სიუჟეტი. გმირების სახეებზე ნაზი ღიმილი განსაკუთრებულ სადღესასწაულო და მხიარულ ატმოსფეროს უსმევს ხაზს.

06_Sugar_Bread

„შაქარ-პური“ – სიტყვის გატანა
ქაღალდი, აკვარელი 21*28
ისევ საქორწინო თემა კობოშვილის შემოქმედებაში. ყურადღება მიაქციეთ ინტერიერის დეტალებს, რომლებსაც მხატვარი ნახატიდან ნახატში „დაჟინებით“იმეორებს. ეს, ალბათ, ამ ელემენტთა დიკუმენტურ სიზუსტეზე მიგვითითებს.

09_Brit_To_The_Synagogue

ბავშვის „ბრით-მილა“-ზე (წინადაცვეთაზე) წაყვანა სინაგოგაში
ტილო, ზეთი / 50.5*43
კობოშვილი არაჩვეულებრივი კომპოზიციით, მომაჯადოვებელი ატმოსფეროთი და გემოვნებით შეხამებული ფერებით გადმოგვცემს სიუჟეტს. საგულისხმოა, სავარაუდოდ, მეზობელ ქალთა როლი, რომლებიც ინტერესითა და კეთილგანწყობით აკვირდებიან პროცესს.

11_Shkhita

„შხიტა“ – ფრინველის დაკვლა რელიგიური წესით
ტილო, ზეთი / 70.5*101
საგულისხმოა, რომ სურათი ორ რიტუალს ასახავს – „ქაფაროთს“ (მოშორებით, სახლის აივანზე) და „შხიტა“-ს (ძირითად სიუჟეტში) რაც იმაზე მიგვითითებს, რომ მხატვარი იომ-ქიფურის სამზადისს აღწერს. ასევე, საინტერესოა ქვის ნაგებობა, რომელიც შესამჩნევად განსხვავდება ხის სახლებისგან. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს სინაგოგაა.

Malkut

„მალკუტი“ – რიტუალური როზგები
ტილო, ზეთი / 70*100.5
ნახატზე გამოსახულია რიტუალური როზგები რელიგიურ სასწავლებელში. ამგვარი სიმკაცრე გახდა მიზეზი იმისა, რომ შალომ კობოშვილმა რელიგიური სასწავლებელი 12 წლის ასაკში დატოვა. ეს ნახატი ერთ-ერთია იმ ნამუშევრებისგან, რომელსაც ავტორმა ხელი მოაწერა.

01_Jerwsih_Bride

ებრაელი პატარძალი
ქაღალდი მუყაოზე, გუაში / 35*17
ნახატზე გამოსახულია ახალციხელი ებრაელი პატარძალი. მხატვარი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქალის ჩაცმულობასა და სამკაულებს, რომლებსაც საოცარი ოსტატობით გადმოგვცემს დეტალებში. სამკაულებისა და ნაქარგი ნაჭრის მიხედვით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „პატარძალი“ შეძლებული ოჯახის წარმომადგენელია.

01b_Jewsih_Merchant_wife_1

მდიდარი ებრაელი ვაჭრის ცოლი
ქაღალდი მუყაოზე, აკვარელი, გუაში, ტუში / 24*15
ნახატზე მდიდარი ებრაელი ვაჭრის (სოვდაგრის) ცოლია გამოსახული. ისევე, როგორც ბევრ სხვა ნამუშევარში, კობოშვილი ქალის მატერიალურ მდგომარეობას მისი ტანისამოსისა და ძვირფასი სამკაულების საშუალებით უსმევს ხაზს. მაგალითად, ყურადღებას იქცევს, თითქოს, „დემონსტრაციულად“ გამოჩენილი ბეჭდებით დამშვენებული ხელი და ა.შ.

03_Dance_Saivo

ცეკვა „საივო“
ქაღალდი, აკვარელი, გუაში / 35.5*54
კობოშვილმა საკმაო ყურადღება დაუთმო საცეკვაო სცენებს. აქაც და სხვა ნამუშევრებშიც კარგადაა გადმოცემული დინამიური სიუჟეტი, არაჩვეულებრივი ფერთა ჰარმონიითაა შესრულებული მოცეკვავეთა ტანისამოსი… აქვე, ყურადღება მიაქციეთ მამაკაცებს, რომლებიც შორიდან, სახლების სახურავებიდან ადევნებენ თვალს ამ წარმტაც სანახაობას.

05_Jayzy-Inventory of tousseau

მზითვის აღწერა
ტილო, ზეთი / 44*53.5
ქორწინების წინა დღეებში პატარძლის სახლში მზითვის აღწერა და შეფასება ხდებოდა. ქორწინების აქტთან ერთად აღწერილის სიას შეადგენდნენ, პატარძლის სტუმართა მიერ მორთმეულ საჩუქრებსაც იმავე ნუსხას მიაწერდნენ და „შამაშ“-ის ხელით ნეფის სახლში აგზავნიდნენ.

07_Bride_Mikve

დედოფლის წაყვანა „მიკვე“-ში
ქაღალდი, აკვარელი / 31.5*41.5
ხუფის წინ პატარძალი უამრავი ხალხის თანხლებით „მიკვე“-ში მიჰყავდათ. ყურადღება მიაქციეთ პატარა ბიჭებს, რომლებსაც საბანაო ჭურჭელი და ბოხჩაში შეკრული სანოვაგე მიაქვთ. საგულისხმოა ისიც, რომ რიტუალი მასიურ ხასიათს ატარებს. იგი არ მიმდინარეობს ადგილობრივი (არაებრაელი) მოსახლეობისგან ფარულად.

10_Wealty_Wife_Mikve

მდიდარი ებრაელის ცოლი მიდის „მიკვე“-ში
ქაღალდი, გუაში, დაფარულია ლაქით / 39.5*53.5
სიუჟეტი ბუნებრივ ხასიათს ატარებს. ქალის სოციალურ მდგომარეობას მსახურის თანხლება უსმევს ხაზს. ამავე დროს, კომპოზიციისა და სიუჟეტის დანარჩენი მონაწილეები სრულიად დამოკიდებლები არიან მთავარი გმირისგან – ისინი საკუთარი საზრუნავით არიან დაკავებულნი.

13_Sefer_Torah

სეფერ-თორებით სინაგოგაში
ქაღალდი, გუაში / 26.5*40.5
ნახატზე, შესაძლოა, „სიმხათ-თორა“-ს დღესასწაული იყოს აღწერილი. მხატვარი აქაც გარკვეულ უნიფორმულობას იცავს მამაკაცთა ტანისამოსსა და გარეგნობაში, რაც, ალბათ, კიდევ ერთხელ ხაზს უსმევს ნახატის დოკუმენტურ სიზუსტეს.

დაგაინტერესათ წაკითხულმა? გამოიწერეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე!