fbpx
Skip links

იოსებ ბარდანაშვილი: „წარმატება ბედისწერის ნაწილია“

იოსებ ბარდანაშვილი თავს ისრაელელ კომპოზიტორად თვლის, მაგრამ ქართული აქცენტით. იგი დაიბადა ბათუმში, სწავლობდა და მუშაობდა თბილისში, მათ შორის რუსთაველის თეატრში, სადაც მუსიკას თვით რობერტ სტურუას სპექტაკლებისთვის წერდა. პოპულარობა ბ-ნმა იოსებმა ჯერ კიდევ საქართველოში მოიპოვა. მის სახელს უკავშირდება ათეულობით ნამუშევარი – ოპერა, სიმღერა, საორკესტრო ნაწარმოები, მუსიკა კინოფილმებისათვის… მიუხედავად ამისა, მან გადაწყვიტა, რომ ჭეშმარიტ ხელოვანს ცვლილებები ესაჭიროება და 1995 წელს ისრაელში ამოვიდა. ახალ ქვეყანაში მისი გზა როდი იყო იოლი, მაგრამ, როგორც ყველა ნიჭიერი ადამიანი, ბ-ნი იოსებიც გამოუსწორებელი ოპტიმისტია, რომელსაც სწამს ბედისწერის და იმის, რომ ყოველ ადამიანს თავისი დანიშნულება გააჩნია. იოსებ ბარდანაშვილს მის ბინაში შევხვდით, წიგნებით გადავსებულ სამუშაო კაბინეტში.

 

– თქვენი აზრით, რაზეა დამოკიდებული ადამიანის – მუსიკოსის წარმატება?

– წარმატება ბედისწერის ნაწილია. შეიძლება ითქვას, რომ მე „წარმატებათა მსხვერპლი“ ვარ, – სიცილით ამბობს ბ-ნი იოსები. – როდესაც სამუსიკო აკადემია დავამთავრე, გია ყანჩელის რეკომენდაციით, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში მივედი. იმ დროს ამაზე ოცნებაც კი არ შემეძლო. წარმოიდგინეთ, თვით სტურუასთან მუშაობა! ნამდვილად ბედისწერაა. ამ შეხვედრის გარეშე, ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება? ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც საკუთარ ნამუშევარზე პასუხისმგებლობა ვიგრძენი. როდესაც მუსიკას თეატრისთვის და სტურუასთვის წერ, და არა საკუთარი თავისთვის, სულ სხვა გრძნობები გეუფლება. დაახლობით იმავე პერიოდში გამოვიდა ჯემალ აჯიაშვილის წიგნი „შუა საუკუნეების ებრაული პოეზია“, რომელმაც მთელი სამყარო გამიხსნა. უეცრად ახლებურად შევიგრძენი ჩემი ფესვები, რამაც ჩემებური – სხვებისაგან განსხვავებული მუსიკის შექმნისაკენ მიბიძგა. ეს ყველაფერი ხომ ბედისწერის ნიშნებია?

– როგორ მოგიყვანათ ბედისწერამ ისრაელში?

ჩვენი ოჯახის ერთი ნაწილი პალესტინაში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან ცხოვრობდა. მათ გვარი ბარდანოვებზე ჰქონდათ გადაკეთებული, სინამდვილეში კი ბარდანაშვილები იყვნენ. სხვათა შორის, ერთ-ერთი მათგანი ისრაელის გმირია – იერემიაჰუ ბარდანოვი. ჩემი ოჯახი კი საქართველოში ცხოვრობდა, ტრადიციებს მივსდევდით, ებრაული ცხოვრებით ვცხოვრობდით. ბავშვობაში, ფესახის დროს, სახლიდან მაცა გამქონდა – არაებრაელ მეგობრებს ვუმასპინძლდებოდი. მშობლები ისრაელში ამოსვლაზე ჯერ კიდევ 70-იან წლებში ფიქრობდნენ, მაგრამ მაინც დარჩენა ამჯობინეს. გადაწყვეტილება მამამ მიიღო. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მან მაგიდას მუშტი დაარტყა და თქვა: „არა, ჯერ არ მივემგზავრებით“. 1995 წელს კი, როდესაც უკვე ჩამოყალიბებული ვიყავი, როგორც პიროვნება და კომპოზიტორი, ისრაელში საკუთარი ნებით ამოვედი. მაშინ მეუბნებოდნენ, რომ ევროპაში გამგზავრება ჯობდა, მე კი მაინც წმინდა მიწაზე ცხოვრება ვამჯობინე.

– იმ დროს ისრაელი მუსიკის თვალსაზრისით დიდად განვითარებული ქვეყანა არ იყო. რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე ჩვენმა ქვეყანამ?

– ისრაელი მაშინ „ჭრელი“ იყო – დღემდეც ასეა. მაგრამ, ისევ ბედისწერა დამეხმარა – სხვანაირად ამის ახსნა შეუძლებელია. დიდი ოჯახი ჩამოვედით, სამსახური მჭირდებოდა, სანაცნობო წრე კი არ მყავდა. მუშაობა მაღაზიაში დავიწყე, როგორმე თავი უნდა მერჩინა. დღეს ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ მაშინ რეპატრიანტთა დიდი ნაწილი ამგვარ სამუშაოს ჯერდებოდა. მე ამაში სამარცხვინოს ვერაფერს ვხედავ.  და აი, ვმუშაობდი მაღაზიაში, ენას ვეუფლებოდი და ვფიქრობდი – რა მომემექმედებინა. უეცრად ისრაელს რობერტ სტურუა ეწვია – ხანოხ ლევინთან ერთად კამერულ თეატრში სპექტაკლის დასადგმელად. ჩემთვის მოულოდნელად სპექტაკლის კოპოზიტორად მიმიწვიეს. წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავდა ჩემთვის ხანოხ ლევინის საზოგადოებაში მოხვედრა? ივრითიც კი ხეირიანად არ ვიცოდი და უეცრად ისრაელის ინტელექტუალურ ელიტაში აღმოვჩნდი. მაშინ შემამჩნიეს და ჩემი ახალი გზაც დაიწყო. ისე, ბევრი რამ თვით ადამიანზეცაა დამოკიდებული. მე ყველაფრისთვის გახსნილი ვარ – ყველაფერი მაინტერესებს. არასდროს მითქვავს უარი ფესტივალებში და კონკურსებში მონაწილეობაზე, საზოგადოებრივ საქმიანობაზე… სხვათა შორის, ბევრი რეპატრიანტისგან აქაური ხელოვნების კრიტიკა მსმენია. სრული სისულელეა! დღემდე მაღიზიანებს ამგვარი მიდგომა. როდესაც ჩამოვედი, გადავწყვიტე, რომ ყველაფერს საგულდაგულოდ გავცნობოდი. ხშირად ვესწრებოდი თეატრალურ დადგმებს, კონცერტებს… უამრავი უნიჭიერესი არტისტი და მუსიკოსი აღმოვაჩინე. რაღა თქმა უნდა, ეს ყველაზე და ყველაფერზე არ ვრცელდება, მაგრამ, იმის თქმა, რომ ისრაელში ხელოვნება პრიმიტიულ დონეზეა, ჩემთვის ყოვლად დაუშვებელი იყო მაშინაც და დაუშვებელია დღესაც.

– საქართველო თუ გენატრებათ?

კი, მენატრება. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში ვცხოვრობ, ხშირად ვთანამშრომლობ ქართველ კოლეგებთან. ამავე დროს, ისრაელში ყოფნისას დავწერე მუსიკა ქართველი რეჟისორის – გიორგი ოვაშვილის სამი კინოფილმისთვის, რომლებმაც უდიდეს წარმატებებს მიაღწიეს საერთაშორისო კინოფესტივალებზე. ძირითადად მაინც ისრაელში ვმუშაობ. ისრაელელი რეჟისორის, დოვერ ქოსაშვილის ყველა ფილმის მუსიკის ავტორი გახლავართ. ასევე, ვთანამშრომლობ კამერულ თეატრთან, თეატრთან „ხან“, „ჰაბიმა“-სთან, დავწერე მუსიკა რამდენიმე ანიმაციური ფილმისთვის. საქართველო კი მუდამ ჩემთანაა. საერთოდაც, უამრავი ქართული თვისება მაქვს. მაგალითად, ერთხელ, გერმანულმა ლეიბლმა Koch International-მა ჩაწერაზე მიმიწვია. სესიის შემდეგ კი ლეიბლის დირექტორს ვახშამზე ვეწვიე. დაახლოებით ერთი საათის მანძილზე ინგლისურად მესაუბრებოდა. მე ვუღიმოდი, პერიოდულად ვპასუხობდი „იეს“… და მხოლოდ მაშინ, როდესაც მან მთხოვა საკუთარ თავზე მომეთხრო,  გამოვუტყდი, რომ ინგლისურში მოვიკოჭლებ. ასეთი ავანტიურული ხასიათი მაქვს – ნამდვილი ქართველი კაცის. ქართველთა ხიბლიც სწორედ ამაში მდგომარეობს. ისინი გახსნილნი არიან, ბუნებით არტისტები – ამ სიტყვის კარგი მნიშვნელობით.

– თქვენმა შვილებმა იციან ქართული?

– რა თქმა უნდა, შვილებმა იციან! ექვსი შვილიშვილიც მყავს, ისინი ქართულად ვერ საუბრობენ, რადგან ჩემს სახლში არ გაზრდილან.

– ისრაელში, საქართველოს ებრაელთა ოჯახებში გაზრდილი ბევრი ახალგაზრდა ამჯობინებს, რომ განცალკევდეს თემისგან, წარმომავლობისგან… მათთვის უფრო მარტივია, რომ თავი რიგით ისრაელელებად იგრძნონ. რას ფიქრობთ ამის თაობაზე?

– როდესაც საქართველოდან პირველი რეპატრიანტები ამოვიდნენ, მათ ძალზედ გაუჭირდათ ნორმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა. ბევრს `შავ~ სამუშაოზე მუშაობა მოუწია, რაც, ხშირ შემთხვევაში, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდა იმ სტატუსთან, რომელიც მათ საქართველოში გააჩნდათ. სწორედ მაშინ შეიქმნა ისრაელში ქართველი ებრაელის სტერეოტიპი. ამან ახალგაზრდა თაობის გაუცხოება გამოიწვია. მაგრამ, ის დრო დიდი ხანია გავიდა. შეხედეთ, რამდენი წარმატებული მუსიკოსი, მხატვარი თუ ექიმია ჩვენს თემში დღეს. მოდაშია ქართული სამზარეულოც, ქართული ტრადიციები და მათი უნიკალურობა კი ისრაელელთათვისაც გახდა ცნობილი. მე ვთვლი, რომ პოპულარობის მიღწევაში საქართველოდან გამოსულთ, დიდწილად, მათი ნაციონალური თავისებურებები – გახსნილობა, სტუმართმოყვარეობა, კაცთმოყვარეობა, იუმორის გრძნობა დაეხმარა. ხშირად ადამიანი ვერც აცნობიერებს, რომ მისი თავისებურებები სწორედ აღზრდამ განაპირობა.

მე ვთვლი, რომ საქართველოს ებრაელთა თემის ახალგაზრდა წარმომადგენლებს უამრავი საბაბი აქვთ, რათა იამაყონ თავიანთი წარმომავლობით, ისტორიითა და იმ ქვეყნით, რომლიდანაც მათი წინაპრები ამოვიდნენ. ეს არაჩვეულებრივი ქვეყანაა, რომელმაც უამრავი უნიჭიერესი ადამიანი აღზარდა.