fbpx
Skip links

სედერი ვიდეოკავშირით?! განა შეიძლება? აი, რაბინის მოსაზრება

გასულ კვირას რამდენიმე პატივცემულმა სეფარადმა რაბინმა, მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განაცხადა, რომ ისინი ემხრობიან ფესახის საღამოს ვიოდეოკავშირის პროგრამის „Zoom“-ის გამოყენებას მათთვის, ვისაც დღესასწაულის ოჯახის წრეში გატარება სურს, მაგრამ ფუზიკურად ამას ვერ ახერხებს. რაღა თქმა უნდა, იმ პირობით, რომ კავშირი დღესასწაულის („იომ ტოვ“-ის) შემობრძანებამდე ჩაირთვება, ხოლო მისი გაწყვეტა მისი გასვლის შემდეგ მოხდება.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ ისრაელსა და დიასპორაში მცხოვრებ საქართველოს ებრაელთა მთავარ რაბინს – იააკობ გაგულაშვილს. როგორც მოსალოდნელი იყო, არგუმენტირებული პასუხი წერილობითი სახით მივიღეთ. მათთვის, ვისაც ჰალახის გადაწყვეტილებებისა და თალმუდის ლექსიკის აღქმა უჭირთ 🤯, მოკლედ ვიტყვით: არ შეიძლება.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ფესახი, განსაკუთრებით კი მისი პირველი დღე (დიასპორაში ორი დღე), სედერი და სადღესასწაულო ნადიმი, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ყოველი ებრაელის ცნობიერებაში. ამიტომაც, მიღებულია, რომ ამ განსაკუთრებულ დროს ჩვენ ოჯახთან და ახლობლებთან ერთად ვატარებთ. მიუხედავად ამისა და შექმნილი მდგომარეობისა, ვიდეოკავშირის გამართვისგან თავი უნდა შევიკავოთ ორი მიზეზის გამო:

შაბათსა და დღესასწაულებში ელექრონული მოწყობილობების აკრძალვის საკითხი ოდითგანვე საყოველთაოდ ცნობილია. უპირველეს ყოვლისა, ეს უკავშირდება თალმუდის მცნებებს – „მავყირ უმეხაბე გახელეთ“ (ცეცხლის დანთებისა და გადატანის აკრძალვა) და „უვდინ დეხოლ“ (ჩვეულებრივი – სამუშაო დღეების საქმიანობა). ეს უკენასკნელი კვირის ჩვეულებრივი დღეების მოქმედებებია, რომელთა შესრულებაც ებრაული კალენდრის განსაკუთრებულ დღეებში არ არის მიღებული.

ამავე დროს, იმ შემთხვევაშიც, თუ ყოველივე ჰალახის წესთა დაცვით ხდება, ეს ძალზედ არასასურველ პრეცენდენტს შექმნის, რომელიც, არცოდნიდან გამომდინარე, შესაძლოა ადამიანებმა მომავალში დააკანონონ.

ამიტომ, დღესასწაულის წესების დარღვევის და მომავალში წესის არასწორად აღქმის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენი რაბინი იძულებულია არ დაეთანხმოს თავის სეფარად კოლეგებს და დასმულ შეკითხვაზე ცალსახა უარყოფითი პასუხი გაგვცეს.

მიუხედავად უამრავი სირთულისა, ჩვენ მორალური სიძლიერე უნდა შევინარჩუნოთ!💪 ჩვენ არაერთხელ გადაგვიტანია უმძიმესი განსაცდელი – ამის კიდევ ერთი უტყუარი დასტური მოახლოებული დღესასწაულის ისტორიაც გახლავთ. და, თუ ფესახის უჩვეულოდ ვიწრო წრეში აღნიშვნა მოგვიწევს, ჩვენი ტრადიცია და სადღესასწაულო სულისკვეთება იყოს ჩვენი საიმედო საყრდენი! ✡️